სამინისტროს განცხადება ანაკლიის პროექტის შესახებ
30 ივლისი 2019სამწუხაროა, რომ “ანაკლიის განვითარების კონსორციუმი” თავისი ბოლო განცხადებით კვლავ ცდილობს საზოგადოების ყურადღება კონსორციუმის ვალდებულებების შეუსრულებლობიდან გადაიტანოს უსაგნო მსჯელობაზე ანაკლიის პორტის განსაკუთრებული მნიშვნელობის შესახებ, რაშიც დღეს ეჭვი არავის ეპარება და არც დავის საგანს წარმოადგენს.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობა ნამდვილად გასაგებია ყველასთვის, პირველ ყოვლისა საქართველოს მთავრობისთვის, რომელმაც, 2014 წელს პორტის მშენებლობასა და ოპერირებაზე ინტერესთა გამოხატვა სწორედ პორტის მნიშვნელობიდან გამომდინარე გამოაცხადა, 2016 წელს კი, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გამარჯვებულად გამოცხადების შემდეგ, მუდმივად ხელს უწყობს ინვესტორს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში.
პირველივე დღიდან საქართველოს მთავრობა ყველა საერთაშორისო ფორმატში პოპულარიზაციას უწევდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტს. საერთაშორისო პარტნიორებთან, პოტენციურ ინვესტორებთან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან დიალოგში ითხოვდა პროექტის მხარდაჭერას. სწორედ ასეთი მუშაობის შედეგად საქართველოს მთავრობის მუდმივი პარტნიორები - საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები - დათანხმდნენ პროექტის დაფინანსებას, ხოლო ევროკავშირმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი შეიტანა ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელში.
საქართველოს მთავრობამ აღმოუჩინა უპრეცენდენტო მხარდაჭერა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც საინვესტიციო ხელშეკრულების გაფორმებამდე დათანხმდა კონსორციუმის მოთხოვნას და აიღო დამატებითი ფინანსური ვალდებულება 100 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფაზე კონსორციუმის საკუთარი კაპიტალის შესავსებად. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ გამარჯვებულად გამოვლენიდან ერთ თვეში მოითხოვა ინტერესთა გამოხატვისგან განსხვავებული პირობის დადგენა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ექსკლუზიურობა, ანუ სხვა ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების შეზღუდვას. სწორედ ამ პირობის დაკმაყოფილების სანაცვლოდ დათანხმდა საქართველოს მთავრობა 100 მილიონი დოლარის დამატებითი ვალდებულების აღებას, რაც არ იყო გათვალისწინებული ინტერესთა გამოხატვის დროს.
საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია ისიც, რომ 2017 წლიდან დღემდე პორტის პირველი ფაზის მშენებლობისთვის საჭირო დაფინანსების მოძიების ვადა არაერთხელ გადავადდა და ბოლო ცვლილებებით, 2017 წლის აგვისტოს ნაცვლად, უკვე 2019 წლის ბოლოსთვის გადაიწია.
2018 წლის დეკემბრიდან ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მიერ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან სესხის მისაღებად, ბანკებსა და კონსორციუმს შორის მოლაპარაკებებში, მთავრობის უშუალო ჩართულობა გახდა საჭირო. წარმოდგენილი იქნა საინვესტიციო ხელშეკრულებაში შესატანი მნიშვნელოვანი ცვლილებების პაკეტი. მთავრობამ კვლავ უპრეცენდენტო მხარდაჭერა გამოიჩინა და ფაქტობრივად ყველა ახალ პირობას დათანხმდა, გარდა კერძო ინვესტორის კომერციული რისკების დაზღვევისა და 400 მილიონი დოლარის სესხის სრულად უზრუნველყოფისა. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ბანკებთან საბოლოო მოლაპარაკებებისათვის მიეცა დამატებითი დრო - ჯერ 2019 წლის 1 ივლისამდე, ხოლო შემდეგ 2019 წლის ბოლომდე.
ამდენად, ორი წლით გადავადდა პორტის მშენებლობის დაწყების ვადაც - 2017 წლის 31 დეკემბრის ნაცვლად ჯერ 2018 წლის ბოლოსთვის, ხოლო ამჯერად უკვე - 2019 წლის 31 დეკემბრისთვის.
ყოველივე აღნიშნულის ფონზე, გაუგებარია, თუ რა სახის დაბრკოლებებზე მთავრობის მხრიდან საუბრობენ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ წარმომადგენლები, თანაც 2017 წლიდან. ზემოთ მოყვანილი ფაქტები ადასტურებენ მხოლოდ იმას, რომ სწორად 2017 წლის ზაფხულიდან კონსორციუმმა დაიწყო საინვესტიციო ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების დარღვევა და ამავე დროიდან საქართველოს მთავრობამ, ნაცვლად საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტისა და საჯარიმო სანქციების ამოქმედებისა, დაიწყო უპრეცენდენტო გამონაკლისების და გადავადებების სერია, რასაც მთავრობის მხარდაჭერა ჰქვია და რომელიც დღემდე გრძელდება.
სამწუხაროდ, ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ და მისი ცალკეული დამფუძნებლების საჯარო განცხადებები განსხვავდება რეალობისგან.
ამის დასტურია ისიც, რომ მიუხედავად „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ხმამაღალი განცხადებებისა, თითქოს დაფინანსების მოძიების ვადების დარღვევა არანაირად არ აისახებოდა მშენებლობის და პირველი გემის მიღების ვადებზე, კონსორციუმის მიერ წარმოდგენილი ბოლო გრაფიკით, პორტის მშენებლობის დასრულება გადაიწევს 2022 წლის ივნისამდე, ნაცვლად ხელშეკრულებით გათვალისწინებული 2020 წლისა.
ამასთან, ეს ვადები აქტუალურია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კონსორციუმი შეძლებს პორტის მშენებლობისთვის საჭირო დაფინანსების 2019 წლის ბოლომდე მოძიებას და 2020 წლის იანვარში პორტის მშენებლობის დაწყებას. ეს კი, კვლავ რთულად მიღწევადი ჩანს, ვინაიდან „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“, მის ქართულ და უცხოელ დამფუძნებლებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისთვის ჯერ კიდევ არ შეუთავაზებიათ კომერციული რისკების და სესხის უზრუნველყოფის ალტერნატიული გადაწყვეტა სახელწიფო გარანტიების სანაცვლოდ. ამის გარეშე კი ბანკები დღესაც უარს აცხადებენ 400 მილიონი დოლარის სესხის კონსორციუმისთვის გაცემაზე.
მიუხედავად ამისა, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ არ ერიდება არაერთ საჯარო განცხადებაში იმის თქმა, რომ პორტის პირველი ფაზის მშენებლობისთვის საჭირო დაფინანსება სრულად აქვს მოძიებული.
კონსორციუმი იმასაც აცხადებს, რომ თითქოს სრულად აქვს მოძიებული 120 მილიონი დოლარის ოდენობით ინვესტორის საკუთარი კაპიტალიც, მაშინ, როცა ჯერ კიდევ მოლაპარაკებების ფაზაშია პრაქტიკულად ყველა პოტენციურ ინვესტორთან. მეტიც, ერთ-ერთმა პოტენციურმა ინვესტორმა და პორტის ოპერატორმა ივლისის დასაწყისში წარუდგინა სახელმწიფოს ინვესტიციის განხორციელების ახალი პირობები - მთავრობის მიერ ინვესტორის კომერციული რისკების დაზღვევა და ანაკლიის პორტის ექსკლუზიურობა. ინვესტორი ითხოვს მთავრობამ არ გასცეს კონკურენტი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვა, ვიდრე ანაკლიის პორტის ტვირთბრუნვა არ მიაღწევს დაგეგმილი მოცულობის 70%-ს.
უნდა ვივარაუდოთ, რომ ისევ მთავრობას და გეოპოლიტიკას გადაბრალდება ის ფაქტი, რომ კონსორციუმი ჯერ კიდევ 2017 წლიდან, მიუხედავად არაერთი გადავადებისა, ვერ ახერხებს არა თუ 400 მლნ დოლარიანი სესხის, არამედ 120 მილიონი დოლარის საკუთარი კაპიტალის შევსებას.
რაც შეეხება კომერციული რისკების გარანტიებს, როგორც ჩანს, კონსორციუმი კვლავ ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და დარწმუნებას, რომ კომერციული რისკების დაზღვევა მთავრობის და არა კერძო ინვესტორის ვალდებულებაა, ვინაიდან ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტია.
პროექტი, უდავოდ, სახელმწიფო მნიშვნელობისაა და სწორედ ამიტომ სახელმწიფო უზრუნველყოფს:
- კერძო ინვესტორისთვის 1000 ჰა მიწის გადაცემას, რისთვისაც დღეისთვის უკვე დახარჯულია 60 მილიონ ლარამდე;
- ახალი გზის და რკინიგზის მიყვანას, რაშიც საორიენტაციოდ დაიხარჯება 330 მილიონი ლარი;
- 100 მილიონი დოლარის გამოყოფას კონსორციუმის საკუთარი კაპიტალის შესავსებად;
- სპეციალური ეკონომიკური ზონის შექმნას;
- ხელისუფლების მიერ განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებების გათვალისწინებით, რაც უპრეცენდენტო მხარდაჭერის შედეგი იყო, განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის შექმნას სპეციალური საკანონმდებლო რეჟიმით;
- პოლიტიკური და ფორს-მაჟორით გამოწვეული რისკების დაზღვევას;
- ინვესტორის დაზღვევას საკანონმდებლო ცვლილებების რისკებისგან;
- ინვესტორის უპრეცენდენტო მხარდაჭერას და ხელშეწყობას.
მაშინ როდესაც პორტის განვითარების პირველ ფაზაზე კერძო ინვესტორს მოსაძიებელი აქვს ჯამში 520 მილიონი დოლარი, სახელმწიფოს ფინანსური მონაწილეობა დაახლოებით 250 მილიონ დოლარს შეადგენს, რაც საინვესტიციო თანხის 30%-ზე მეტია.
მოსაძიებელი 520 მლნ დოლარიდან ბანკების 400 მილიონი დოლარის სესხის სრულ უზრუნველყოფას კონსორციუმი ეხლა უკვე სახელმწიფოს სთხოვს, ისევე როგორც საკუთარი კომერციული რისკების - ტვირთბრუნვის დაზღვევას, რაც ფაქტობრივად კერძო ინვესტორის შემოსავლების დაზღვევას ნიშნავს. აღნიშნული კი სრულად ეწინააღმდეგება კერძო ინვესტიციის შინაარსს და საჯარო და კერძო პარტნიორებს შორის რისკების განაწილების პრინციპს. თუ ინვესტორის კომერციული რისკები და სესხი სრულად უზრუნველყოფილი იქნება მთავრობის მხრიდან, გაუგებარია რა ნიშნით არის ეს პროექტი კერძო?
ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ ანაკლიის პორტში სახელმწიფოს ეკუთვნის მხოლოდ ერთი აქცია. 50 წლის განმავლობაში პორტის და მასთან დაკავშირებული თავისუფალი ეკონომიკური ზონის ფუნქციონირებიდან მიღებული შემოსავლები მთლიანად იქნება „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ საკუთრება და მხოლოდ 20 წლის შემდეგ კონსორციუმი გადაუხდის მთავრობას პორტის შემოსავლების მცირე პროცენტს.
კონსორციუმი ცდილობს დაარწმუნოს საზოგადოება იმაში, რომ ვინაიდან ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი სახელმწიფო მნიშვნელობისაა, ამის გამო კონსორციუმს რატომღაც აქვს ექსკლუზიური უფლება დაარღვიოს ინტერესთა გამოხატვის დროს და მთავრობასთან გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულებით მის მიერვე აღებული ყველა ვალდებულება; გაურკვეველი ვადით დააგვიანოს სახელმწიფო მნიშვნელობის პორტის ამოქმედება; სრულიად შეცვალოს, როგორც ინტერესთა გამოხატვის, ასევე საინვესტიციო ხელშეკრულების ძირითადი პირობები; დაავალდებულოს სახელმწიფო საკუთარ თავზე აიღოს კერძო ინვესტორის კომერციული რისკები, კონსორციუმის მიერ სესხის გადაუხდელობის შემთხვევაში, სრულად აანაზღაუროს მისი სესხი და ასევე, დაარღვიოს სამთავრობათაშორისი და საერთაშორისო ხელშეკრულებები, კონსტიტუცია და აუკრძალოს განვითარება კონსორციუმის კონკურენტ კერძო ინვესტორებს.
კონსორციუმის განცხადებების მიხედვით, ყოველივე ეს არ უნდა იყოს არავისთვის გასაკვირი, კონსორციუმისთვის თავიდანვე იყო ცნობილი, რომ სახელმწიფოსგან მოთხოვნილი იქნება დამატებითი გარანტიები და ვალდებულებები, და ის არც აპირებდა ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულებას.
ამდენად, მთავრობის მხრიდან კონსორციუმის წინასწარ დაგეგმილი სცენარით მოქმედებაზე უარის თქმა, კონსორციუმის მიერ საზოგადოებას წარედგინება დაბრკოლებად, ორპირობად, პოლიტიკურ დევნად. სიმართლე კი მარტივია, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ არაერთი გადავადებისა, შეღავათისა და ნამდვილად უპრეცენდენტო გამონაკლისების და სახელმწიფო მხარდაჭერის მიუხედავად, ამ ეტაპისთვის ვერ ახერხებს პროექტის პირველი ფაზის განხორციელებისთვის საჭირო დაფინანსების მოძიებას, რითაც უდიდესი რისკის ქვეშ აყენებს სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე პროექტის განხორციელებას.
ყოველივე ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებით, იძულებულები ვართ კვლავ მოვუწოდოთ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“, მის ქართველ და უცხოელ დამფუძნებლებს, დაინტერესებულ ინვესტორებს, პარტნიორებს, ნაცვლად ცრუ ბრალდებებისა, არასწორი ინფორმაციის გავრცელებისა, გეოპოლიტიკური და პოლიტიკური მიზეზების ძებნისა, გააერთიანონ ძალისხმევა მთავრობის წინაშე აღებული ვალდებულებების უმოკლეს ვადებში შესრულებისა და საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელებისათვის!
ვარწმუნებთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის პროექტის ყველა გულშემატკივარს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი აუცილებლად აშენდება კერძო თუ სახელმწიფო ინვესტიციით!
ამასთან, იმედს ვიტოვებთ, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ გამოძებნის შესაძლებლობას დაუბრუნდეს კონსტრუქციულ ჩარჩოს და ბოლომდე მიიყვანოს ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელება, რაშიც მას ჰქონდა და კვლავაც ექნება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა.